პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში 

მწვავე დებატები პარლამენტში.

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები პლენარული სხდომის დღევანდელი დღის წესრიგის მთავარ თემებად იქცა. სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლა მორიგი ხმაურიანი განცხადებების მიზეზი გახდა. მმართველი გუნდის დეპუტატების გარდა, ყოფილი პრეზიდენტის გზავნილები და გამოსვლის შინაარსი ოპოზიციის ნაწილმაც გააკრიტიკა. ცხარე კამათი მოჰყვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხი ახალი კანდიდატის მოსმენის საკითხსაც. „ქართული ოცნების“ გზავნილი და შეთავაზება უცვლელია – არჩევნების დასრულების შემდეგ მმართველი პარტია ოპონენტებს პოზიტიური დღის წესრიგის შექმნაში ჩართვისკენ და თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. პასუხად ოპოზიციის ნაწილი საპარლამენტო უმრავლესობას შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილებას ახსენებს და მმართველ გუნდს მიმართავს, რომ 19 აპრილის დოკუმენტს დაუბრუნდეს.