გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაქირავება, პოლიტიკოსების მხრიდან ისევ შეფასებების თემაა. ყავლაშვილის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონებით ამჟამად საქართველოში გერმანიის ელჩი სარგებლობს. 750 კვადრატული საცხოვრებელი ფართი პეტერ ფიშერს ხაზარაძის ოჯახისგან აქვს ქირით აღებული, თუმცა, საგადასახადო სამსახურში ხაზარაძის ეს საშემოსავლო გადასახადები არ ფიქსირდება.
მმართველი გუნდი ოპოზიციური პარტიის ლიდერსა და გერმანელ დიპლომატს შორის ფინანსურ ურთიერთობაში პოლიტიკური კორუფციის რისკს ხედავს. „ქართულ ოცნებაში“ ელჩს ვენის კონვენციის დაცვისკენ მოუწოდებენ.
ცოტა ხნის წინ ამ საკითხზე განცხადება გაავრცელეს მამუკა ხაზარაძის ოჯახის ადვოკატებმა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გერმანიის ელჩისთვის, ხაზარაძეების ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გადაცემის შესახებ არსებობს ყველა სამართლებრივი წესის დაცვით შედგენილი, ნოტარიულად დადასტურებული ხელშეკრულება.