პოლიტიკური დიალოგი - ევროკავშირის შეთავაზება

კრისტიან დანიელსონი ბრიუსელშია, ევროკავშირის მედიაციით მოლაპარაკების გაგრძელების პერსპექტივა – ბუნდოვანი.

ვინ რას თმობდა, ვინ აყენებდა ულტიმატუმებს და ვინ აწერდა დოკუმენტს უპირობოდ ხელს – ამ კითხვებზე ყველა მხარე სხვადასხვა ვერსიას ჰყვება. ახალი არჩევნების ან არჩევნებამდე მისასვლელ გზაზე შეთანხმების და პოლიტიკური დევნის დასრულების გარეშე ოპოზიციის დიდი ნაწილი დოკუმენტის ხელმოწერას არ განიხილავს და პარალელურად ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდი დანიელსონის მიერ შეთავაზებული რეფორმების გატარებაზეც კი არ იყო თანახმა. თუ „ქართულ ოცნებას“ დავეყრდნობით, ხელისუფლება საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებს, ასევე რამდენიმე კომიტეტის დათმობასაც დაეთანხმა, შენიშვნა მხოლოდ ცალკეული საკითხის გარშემო იყო, თუმცა ოპოზიციის ულტიმატუმის გამო, მათ განხილვამდე საქმე არც კი მისულა. მედიატორის მიერ მომზადებულ ტექსტში საარჩევნო რეფორმა ბარიერის დაწევის გარდა ცესკო-ს თავმჯდომარის ახალი წესით არჩევას და კომისიების ახლებურად დაკომპლექტებასაც გულისხმობს.

წარუმატებელი მეორე რაუნდის მიუხედავად, მმართველი პარტია საარჩევნო რეფორმის მიღებას აანონსებს.