პოლიტიკური დიალოგი და შეთანხმების პერსპექტივა

ქართული პოლიტიკური სპექტრი ევროკავშირის მედიაციით დაგეგმილი მოლაპარაკების შემდეგი რაუნდის მოლოდინშია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი თბილისში დაბრუნდება და როგორც ცნობილია, ოფიციალური შეხვედრები უკვე ორშაბათიდან დაიწყება.

მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, დღეს განცხადებები გააკეთეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, არსებობს შეთანხმების რეალური შესაძლებლობა, თუ ყველა მხარეს ექნება საჭირო ნაბიჯების გადადგმის გულწრფელი სურვილი.

განცხადება გააკეთა საფრანგეთის ელჩმაც. დიეგო კოლასის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შიდა პოლიტიკურ ფრონტზე დაძაბულობა ჩაწყნარდეს და მთელი ძალისხმევა მიმართული იყოს ქვეყნის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევებისკენ.