პოლიტიკური დეჟავიუ - ენმ ისევ ბოიკოტს აცხადებს  

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლოს უარის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობაში“  სამომავლო სტრატეგიაზე გუშინვე იმსჯელეს და ბრძოლის ძველ გზას მიუბრუნდნენ. კერძოდ, პარტიამ გადაწყვიტა უარი თქვას საპარლამენტო საქმიანობაზე და საკანონმდებლო ორგანოს სრული ბოიკოტი გამოუცხადოს. იგივეს გეგმავს „სტრატეგია აღმაშენებელიც“. თუმცა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთიანობა ვერც ამ შემთხვევაში შეინარჩუნეს. თუ პარტიის ახალი ხელმძღვანელობის ნაწილი საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის მომხრეა, მეორე ნაწილი მხოლოდ ბოიკოტში აზრს ვერ ხედავს და მანდატებზე უარის თქმის საჭიროებაზე საუბრობს. სწორედ ეს არის საკითხი, რაზეც პარტიის წევრები ჯერ-ჯერობით ვერ თანხმდებიან.