პოლიტიკური დებატები პარლამენტში

17 ივნისს გამოქვეყნებული ევროკომისიის რეკომენდაციები და გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართული მრავალათასიანი აქცია იყო მთავარი, რაზეც დღეს პარლამენტის სხდომაზე პოლიტიკური განცხადებებისთვის განკუთვნილ დროში დეპუტატებმა ყურადღება გაამახვილეს.

ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას ქართული პოლიტიკური სპექტრი მხარს უჭერს, თუმცა მმართველი გუნდი და საპარლამენტო ოპოზიცია გზებზე ვერ თანხმდებიან და ერთმანეთს მწვავედ აკრიტიკებენ. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად, პირველად აღიარება მნიშვნელოვანი გზავნილია და საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის რეკომენდაციები უნდა შეასრულოს. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს და ქართველ ხალხს ევროპული მომავალი წაართვა და მოქმედმა ხელისუფლებამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს, რაც მათი თქმით გუშინდელ აქციაზე გამოსული ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე ხალხის რაოდენობითაც დადასტურდა. მმართველი გუნდი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას რიტორიკას და ლექსიკას უწუნებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიცია ევროკომისიის 12 მოწოდებიდან პირველს, პოლარიზაციის დასრულების მოთხოვნას გამოქვეყნების პირველივე წუთიდან არღვევს და სიტყვებს, მათ შორის ხელისუფლების გადატრიალებას და რიგგარეშე არჩევნებს ლექსიკონიდან არ იღებს, რაც მათი თქმით დასტურია, რომ ოპოზიციის მიზანი არა ევროპული გზა, არამედ რევოლუციური სცენარით ხელისუფლების შეცვლაა.

რაც შეეხება გუშინდელ აქციას, საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ გუშინდელი აქცია ევროპული გზის საფარ ქვეშ ე.წ. ბაკურიანის შეკრებაზე დაიგეგმა და ოპოზიციას მისი გეგმების განხორციელების საშუალებას არ მისცემენ. მმართველ გუნდს სხდომაზევე უპასუხეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. მათი თქმით, გუშინდელი აქციით ქართველმა ხალხმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უნდობლობა გამოუცხადა და კიდევ ერთხელ დაადსტურა, რომ ევროპა საქართველოს არჩევანია. ოპოზიციაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში უნდა დაიწყოს დეოლიგარქიზაციის პროცესი და ამ პრობლემის მოგვარების გარეშე საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. მმართველ გუნდში ოპოზიციას ურჩიეს ოლიგარქები საკუთარ რიგებში მოიკითხონ. საპარლამენტო ტრიბუნა პოლიტიკური განცხადებებისთვის დღეს 38 დეპუტატმა გამოიყენა. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პარლამენტის სხდომაზე ეს ბოლო პოლიტიკური დებატები იყო. საგაზაფხულო სესია ოფიციალურად პარასკევს დაიხურება.

დატოვე კომენტარი