ემანუელ მაკრონის ხმაურიან განცხადებას ვაშინგტონიც არ ეთანხმება.
სამომავლოდ უკრაინაში სახმელეთო ძალების გაგზავნის შესაძლებლობის დაშვება აშშ-სთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა. უკრაინაში მიმდინარე ომის გარშემო აზრთა სხვადასხვაობაა ევროპაშიც – უნგრეთი და სლოვაკეთი რუსეთთან მოლაპარაკებების საჭიროებაზე საუბარს ააქტიურებენ. უთანხმოებაა ეკონომიკური საკითხების გარშემოც. ფერმერების პროტესტის ფონზე პოლონეთის მთავრობა არ გამორიცხავს, რომ უკრაინულ პროდუქტებზე ემბარგო გააფართოვოს. ამ დრომდე ღიად რჩება ისიც, თუ როდის დაამტკიცებს აშშ-ის კონგრესი უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის ახალ პაკეტს, რომლის განხილვა რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო მესამე თვეა, გაჩერებულია. თეთრ სახლში კონგრესის სპიკერთან გამართულმა მოლაპარაკებებმა შედეგი ჯერ ვერ გამოიღო.