პოლიტიკოსები გაერო-ს რეზოლუციას აფასებენ

ნიუ იორკში გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს გამოხმაურება მოჰყვა თბილისში, სადაც მიიჩნევენ, რომ დოკუმენტის მხარდაჭერა ქართული დიპლომატიის მორიგი გამარჯვებაა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მსგავსი რეზოლუციები საგარეო პოზიციების გასამყარებლად  მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა მას ხელისუფლების მხრიდან სჭირდება სწორი პოლიტიკური სტრატეგია და ნაბიჯები. ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ წლიდან წლამდე შენარჩუნებული მხარდაჭერა უკვე არის მნიშვნელოვანი გზავნილი იმისა, რომ ოკუპაციის თემა კვლავ აქტუალურია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 73-ე სესიის ფარგლებში მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. დოკუმენტს მხარი 79 ხმით 15-ის წინააღმდეგ დაუჭირეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს, რითაც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად – საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.

გაერო-ს რეზოლუციას შეფასებები მოყვა საკანონმდებლო ორგანოში.