თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანატოლი გიგაურის პროცესი გაიმართა. მას პოლიციელებზე თავდასხმა ედება ბრალად. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს, დაიკითხა ბრალდების მხარის მოწმე პოლიციელი. მისი თქმით, დაინახა თუ როგორ შეეხო ფიზიკურად გიგაური მის მეწყვილე პოლიციელს ვახტანგ გაბუნიას. გიგაური ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ბრალდების მხარის ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, ანატოლი გიგაურის ადვოკატმა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა. მოსამართლემ აღნიშული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ანატოლი გიგაური კვლავ პატიმრობაში დატოვა.
ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს დაესხა თავს და მასზე ფიზიკურად იძალადა. მისთვის წარდგენილი ბრალი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.