პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულის საქმე

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანატოლი გიგაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. დაცვის მხარე არასაპატიმრო ღონისძიებას და 10 000-ლარიან გირაოს შუამდგომლობდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ანატოლი გიგაურის მიმართ პატიმრობა გამოიყენა. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ანატოლი გიგაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და სწორედ ამას მოჰყვა პოლიციელზე ფიზიკური შეხება. მათივე მტკიცებით, თავდაპირველად, ფიზიკური შეურაცხყოფა გიგაურს სწორედ პოლიციელმა მიაყენა. ბრალდებებს უარყოფს პროკურატურა, რომელიც აცხადებს, რომ საქმეში აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. მათივე განცხადებით, დაკავებულმა პოლიციელს ფიზიკური დაზიანება სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა. ანატოლი გიგაური პარალელურად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დავობს და ამტკიცებს, რომ დაკავების დროს მასზე პოლიციელებმა იძალადეს. ფაქტზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.