პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულის საქმე

ბოლო საპროტესტო აქციას დაკავებების გარეშე არ ჩაუვლია. რუსთაველის გამზირზე აყვანილ მამაკაცს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ანატოლი გიგაურს დღეს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. აქციის მონაწილეს პოლიციელზე თავდასხმაში ედება ბრალი. დაკავებული საკუთარ ქცევას, რომელიც ვიდეოკამერამაც დააფიქსირა, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებით ხსნის. დაცვის მხარე ამბობს, რომ გიგაური თავადაც გახდა სამართალდამცავის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. საპირისპიროს ამტკიცებს პროკურატურა. პროკურატურის გარდა საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც იძიებს, რომელსაც დაკავებულმა მოქალაქემ თავად მიმართა. ბოლო ერთ კვირაში თბილისის სხვადასხვა ცენტრალურ გამზირზე გამართული აქციების და მათი დაშლის დროს პოლიციის მოქმედებებს კანონიერად მიიჩნევს შინაგან საქმეთა მინისტრი. უწყების პირველი პირი დაგეგმილ პროვოკაციებზე მიუთითებს და დაკავებების გაგრძელებას არ გამორიცხავს.