პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების საქმე

ბრალდების მხარის ხუთი მოწმე დაიკითხა თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე. მოწმეთა შორის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს დაზარალებული თანამშრომელი, რომელმაც 7-8 მარტის აქციაზე „მოლოტოვის კოქტეილით“ დამწვრობა მიიღო. მან სასამართლოში აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე და მიღებულ დაზიანებებზე ილაპარაკა. ასევე მოწმეთა შორის იყო სამართალდამცველი, რომელმაც განაცხადა, რომ კონკრეტულად დაინახა ლაზარე გრიგორიადისის მიერ შსს კუთვნილი ავტომობილის დაწვის ფაქტი. ბრალდების მხარის განცხადებით, მოწმეების ჩვენება სანდოა, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმება.