პოლარიზაციის შემცირება - პოლიტიკური პოზიციები 

ეროვნული შერიგების იდეა და პრეზიდენტის ბოლო მიმართვა ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტუალურ თემად რჩება.

სწორედ შერიგებისკენ მოწოდებად აღიქვეს პოლიტიკურ სპექტრში დემოკრატიის სამიტზე სალომე ზურაბიშვილის მიმართვა, რომელიც ეროვნული მასშტაბით საუბრის დაწყებას ეხებოდა. პროგნოზები არაერთგვაროვანია. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას შერიგებას სთავაზობს, თუმცა საპროტესტო აქციებსაც აანონსებს. მთავარ პოლიტიკურ აქტორებს შორის განსხვავებულია შერიგების აღქმაც. თუ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შერიგებისკენ გზა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე გადის, მმართველი გუნდისთვის ის საზოგადოების წინაშე ბოდიშის მოხდასთან, შეცდომების და დანაშაულების აღიარებასთან და პოლიტიკური სივრციდან წასვლასთან ასოცირდება. შერიგების მიმართ სკეპტიკური განწყობაა დანარჩენ ოპოზიციაშიც. პრეზიდენტის ბოლო გზავნილი დეპოლარიზაციის შესამცირებლად ფართო დიალოგის დაწყებად მიიჩნია ამერიკის საელჩომ, რომლის გზავნილი პოლიტიკური სპექტრის მიმართ უცვლელია – არჩევნების შემდეგ არჩეული ლიდერების პარლამენტში ერთობლივი მუშაობა.