პირველი ტელემაუწყებლობიდან 69 წელი გავიდა

ტელემაუწყებლობის 69 წელი. 1956 წლის 30 დეკემბერს, ზუსტად 69 წლის წინ, ფუნიკულიორზე, მთაწმინდის ანძასთან სადიქტორო–სამაკეტო სტუდიიდან, ქვეყნის ისტორიაში პირველი პირდაპირი ეთერი შედგა, რომელსაც ლია მიქაძე და ალექსანდრა მაჭავარიანი უძღვებოდნენ. ცისფერი ეკრანი ზუსტად 20 საათზე აინთო. ტელეხედვის სტუდია თავდაპირველად დღეგამოშვებით მაუწყებლობდა. ათი წლის შემდეგ კი – ტელევიზია კოსტავას 68 ნომერში გადავიდა. გაიზარდა მასშტაბები და დაფარვის არეალი. საინფორმაციო სამსახური კი – არხზე გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს გაჩნდა. „უკანასკნელ ამბებს“ სახელწოდება 1968 წელს შეეცვალა და „მოამბე“ დაერქვა. ტელემაუწყებლობის 69-ე წელს, საქართველოს პირველი არხისთვის ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. თითქმის ოთხწლიანი მშენებლობის შემდეგ პირველ არხს ახალი, ულტრათანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შენობა აქვს. მასშტაბი, სივრცე, კონცეფცია, გამორჩეული დიზაინი და არქიტექტურა – ეს არის უახლესი ტექნიკით და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ორი კორპუსი, მასშტაბური სტუდიებით და პავილიონებით. ჩვენი მისამართი პოლიტკოვსკაიას 31-ია. ქვეყნის პირველი ტელევიზია დღეს პირველ არხს, პირველი არხი სპორტს, საქართველოს რადიოსა და ვებ პლატფორმა 1TV.GE აერთიანებს.