პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგაში

გოჩა ლორთქიფანიძე, რომელიც იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზეა წარდგენილი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. ამის შესახებ ჰააგის სასამართლოს ვებგვერდზე არის აღნიშნული. ამ ფაქტს ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან. „კიდევ ერთხელ ვივსები იმედით, რომ ჰააგაში მალე იზეიმებს ქართული სიმართლე, ქართველი ჯარისკაცის, ჩვენი დევნილების, ანწუხელიძის, სოფრომაძისა და სხვების სიმართლე, რომელსაც აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმა, ქართველების დევნა, წამება და მკვლელობა ჰქვია,“ – ამ სიტყვებით ეხმაურება თეა წულუკიანი გოჩა ლორთქიფანიძის არჩევას.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ამაყია, რომ მის მიერ წარდგენილი კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. ამ ფაქტს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს აღიარებად აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე.

გოჩა ლორთქიფანიძე 2013 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. 2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად.