პირველი არხისა და ევროკომისიის სააგენტოს ერთობლივი პროექტი 

პროექტი რადიოთეატრის პოპულარიზაციისთვის.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ევროკომისია საერთაშორისო პროექტს იწყებენ. ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოსთან ერთად დაგეგმილი პროექტი საგანმანათლებლო აქტივობებს, სემინარებსა და საზაფხულო სკოლას მოიცავს. მიზანი სახელოვნებო დარგის შემოქმედთა მოზიდვა, სწავლება და რადიოსპექტაკლების შექმნაა. საქართველოში რადიოთეატრს მრავალწლიანი ტრადიცია აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს ფონდში დაცული პირველი რადიოდადგმა 1953 წლით თარიღდება. შესაბამისად, წელს რადიოთეატრს 70 წელი შეუსრულდა. ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროექტში შვიდი ქვეყანა მონაწილეობს: საქართველო, ირლანდია, ალბანეთი, უნგრეთი, იტალია, უკრაინა და რუმინეთი. პროექტი ახალგაზრდა მსახიობებზე, სცენარისტებზე, მუსიკოსებსა, ხმის ინჟინრებსა და პროდიუსერებზეა გათვლილი.