ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელს ეხება. პირველი არხის მუშაობა დოკუმენტში ნეგატიურად არის შეფასებული. ნათქვამია, რომ ტელევიზია არ ემსახურება საზოგადოების ინტერესებს, განიცდის დამოუკიდებლობის ნაკლებობას, აქვს მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკას უწყობს ხელს. საუბარია საპარლამენტო არჩევნების დროს პოლიტიკური სუბიექტებისთვის არაპროპორციულად გამოყოფილ საეთერო დროზე და რამდენიმე თანამშრომლის დათხოვნაზე. ანგარიშის ამ ნაწილს პირველი არხი პასუხობს. წაგიკითხავთ განცხადებას: ,,საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მოქმედებს დამოუკიდებლად, კანონით დადგენილი მანდატისა და ჟურნალისტური ეთიკის უმაღლესი სტანდარტების დაცვით. მაუწყებელს არ გააჩნია არც პოლიტიკური მიკერძოება და არც რომელიმე ძალასთან დაკავშირებული ინტერესები – ყველა სარედაქციო გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის პრინციპს. განსხვავებული მოსაზრებების წარდგენა, ბალანსის დაცვა და მრავალფეროვანი პოზიციების ასახვა არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის საფუძველი. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ბრალდებები მიზნად ისახავს მაუწყებლის რეპუტაციის შელახვას და საზოგადოებრივი ნდობის დაზიანებას. საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ეუთო/ოდირი, თავიანთ ანგარიშებში მიუთითებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ნეიტრალური გაშუქების შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი საქმიანობის ობიექტურობასა და პროფესიონალიზმს. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის ემსახურებოდა და მომავალშიც მოემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს – საზოგადოების ინტერესის დაცვასა და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას.