„პეტრას დეკლარაცია“ - პრეზიდენტების ერთობლივი განცხადება

ევროკავშირის, უკრაინის და მოლდოვის ლიდერები საქართველოში.

ბათუმი დღეს მოვლენების ეპიცენტრშია. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყნის პირველი პირები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად საკუთარი ევროპული მომავლის პერსპექტივაზე ერთად მსჯელობენ. როგორ უნდა გაძლიერდეს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის, ანუ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის სამი წევრის ურთიერთობა ევროკავშირთან – ამ მიზნით შეიკრიბნენ საქართველოს ზღვისპირა ქალაქში იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებსაც რუსეთის სახით საერთო გამოწვევა და ევროკავშირში გაწევრიანების სახით საერთო მიზანი აერთიანებთ. სამივე ქვეყანა თანხმდება, რომ საჭიროა განახლებული დღის წესრიგი, ახალი მიდგომები და წინადადებები ევროინტეგრაციის გზაზე გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად – აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრიოს ეს საერთო სულისკვეთება უკვე აისახა დეკლარაციაში, რომელსაც ისტორიული პეტრას ციხის ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოეწერა ხელი.