პეტიცია სააკაშვილისთვის სასჯელის გადასავადებლად

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ ხელისუფლებას ამჯერად 130 ყოფილი თანამდებობის პირი მოუწოდებს. მათი სახელით და ხელმოწერებით სპეციალურ მიმართვას ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აქვეყნებს.

ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის მაღალჩინოსნების სიაში არ ფიგურირებენ ყოფილი ძალოვნები, მათ შორის ვანო მერაბიშვილი, თუმცა არიან „ქართული ოცნებიდან“ წასული პოლიტიკოსები და ყოფილი მინისტრები. სასჯელის გადავადების და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნას ხელმომწერები სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექიმთა კონსილიუმის შეფასებებით და ამერიკელი ექსპერტების იმ დასკვნებით ამყარებენ, სადაც კლინიკაში მყოფი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე და მოსალოდნელ მძიმე შედეგებზეა საუბარი. სწორედ ამ დასკვნებზე დაყრდნობით ერთობლივი განცხადების ავტორები ყოფილი პრეზიდენტის წამებით სიკვდილს პროგნოზირებენ და საქართველოში მის მკურნალობას შეუძლებლად მიიჩნევენ. მწვავეა მმართველი გუნდის რეაქცია, განსაკუთრებით ყოფილი თანაგუნდელის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს პრეზიდენტად არჩეული მარგველაშვილის მისამართით.