გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითმა პასუხმა საქართველოს ხელისუფლების უკმაყოფილება კიდევ უფრო გაზარდა.
საკმაოდ მძიმე რეაქციები მოჰყვა იმ პასუხებს, რომლებიც ვადეპულის უწყებამ ბუნდესტაგიდან გაგზავნილ კითხვებზე მოამზადა. შეკითხვების ავტორი გერმანიის ოპოზიციური საპარლამენტო პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვისაა“, სამიზნე საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, რომელიც მწვავე კრიტიკის და ბოჭორიშვილის უწყებაში დაბარების შემდეგ კონსულტაციებისთვის სამშობლოშია გაწვეული. გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია ელჩის საქართველოს მთავრობასთან და ოპოზიციასთან ურთიერთობის ინტენსივობით და კონკრეტული შეხვედრებით ინტერესდება, თუმცა გერმანიის მთავრობის პასუხები მოკლე და ზოგადი აღმოჩნდა. განსაკუთრებული რეზონანსი იმ კითხვაზე პასუხმა გამოიწვია, რომელშიც ბუნდესტაგის ფრაქციის წევრები ელჩ ფიშერის მიერ ქართული ოპოზიციური პარტიის ლიდერის საკუთრებაში არსებული ბინის ქირაობაზე ინფორმაციის გადამოწმებას ითხოვენ. ხედავს თუ არა გერმანიის მთავრობა საქართველოში გამოგზავნილი ელჩის საქმიანობაში ვენის კონვენციის დარღვევის ნიშნებს, რაზედაც მმართველი გუნდი მიუთითებს – ქართულ-გერმანული დაძაბული ურთიერთობის გათვალისწინებით გერმანიის საგარეო უწყების ყველა პასუხი გაორმაგებული ინტერესით იკითხება.