პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა

პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა. კერძოდ, პენსიონერს, პირადობის მოწმობაში არსებული გარკვეული მონაცემების, მაგალითად გვარის ან სახელის უზუსტობის გამო, პენსია აღარ შეუჩერდება. მანამდე არსებული პრაქტიკით, თუ პირადობის მოწმობასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზას შორის რაიმე შეუსაბამობა ფიქსირდებოდა, პენსიის გაცემა ჩერდებოდა, სანამ მოქალაქე ახალ დოკუმენტს არ წარადგენდა. ცვლილებით კი, პენსიის შეჩერება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაემთხვევა პირადი ნომერი, დაბადების წელი და თვე. სხვა შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო დაეყრდნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს და პენსიონერები კუთვნილ პენსიას, შეფერხებისა და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე მიიღებენ. ამ გადაწყვეტილების შედეგად, ყოველთვიურად, 1000-მდე პენსიონერი შეძლებს პენსიის მიღებას დამატებითი პროცედურების გარეშე.