პენიტენციური სამსახურის განცხადება
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ბრალდებულ ზურაბ მენთეშაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ, სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზურაბ მენთეშაშვილი შიმშილობის შეწყვეტის მიზნით, ზეწოლის გამო, გადაყვანილი იქნა კარცერში, სადაც ის იმყოფება არაადამიანურ პირობებში. პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და მენთეშაშვილი არ იმყოფება სამარტოო საკანში. ბრალდებული პენიტენციური კოდექსისა და დაწესებულების მოთხოვნათა შესაბამისად, დროებით განთავსებულია შიდა კლასიფიკაციის, ე.წ საკარანტინე საკანში. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 6 ნოემბერს, მაშინ როცა ზურაბ მენთეშაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, ის, ინსტრუქციის შესაბამისად, განათავსეს მოშიმშილე პირებთან ერთად, თუმცა ვინაიდან ბრალდებული ჩვეულებრივ იღებდა და იღებს საკვებს და ასევე, სარგებლობდა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით, მისი გაჩერება ვერ მოხდებოდა მოშიმშილე პირებთან ერთად. აღნიშნულის თაობაზე დაწესებულების მიერ შედგენილია შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებენ საკანში განთავსებული სხვა მოშიმშილე ბრალდებულები. ბრალდებული ზურაბ მენთეშაშვილი დღესაც განთავსებულია ისეთ საკანში, რომელშიც მიმდინარეობს 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობა. საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ვინაიდან ბრალდებულების ზურაბ ჭავჭანიძისა და ზურაბ მენთეშაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით სისტემატურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, პენიტენციური სამსახური დაარქივებულ მასალას ავრცელებს, სადაც დაფიქსირებულია – აღნიშნული ბრალდებულების კონფლიქტი, საკვების ერთმანეთისგან ფარულად მიღების გამო. ასევე, ასახულია მოშიმშილე ბრალდებულების მიერ საკვების მიღების კადრები.