პენიტენციური სამსახური ვიდეომასალას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მერვე დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის შესახებ ვიდეომასალას ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ, „შაბათის კურიერის“ ანონსში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს პატიმარი გლდანის ციხეში „აწამეს“ და „თავი აქვს გადახსნილი“.

სპეციალური პენიტენციური სამსახური უსამძიმრებს პატიმრის ოჯახის წევრებს, მათ შორის მათ, ვინც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მსახურობს და მკაცრად გმობს პატიმრის გარდაცვალების ფაქტით მანიპულირებას.

უწყების ცნობით, პატიმარი საკანში შეუძლოდ გახდა, რაც სხვა პატიმრებმა შენიშნეს და შესაბამისად დაიწყო სარეანიმაციო ღონისძიებები. ექიმების მცდელობის მიუხედავად, ბრალდებულის გარდაცვალება დაფიქსირდა.

უწყების პრესრელიზს ერთვის ვიდეომასალა, რომელიც ასახავს სარეანიმაციო ღონისძიებებსა და პატიმრის გადარჩენის მცდელობას. ვიდეოში დაფარულია მხოლოდ პატიმართა სახეები.

გარდაცვალების ფაქტზე 24 ივლისს დაიწყო გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო დანაყოფის მიერ. იმავე დღეს, ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რა დროსაც დადგენილი წესით განხორციელდა თავის ქალის გახსნაც.

დატოვე კომენტარი