პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციისა და ჩიპირების პროცესი

ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანი და კოორდინირებული განხორციელების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ალექსანდრე ზურაბიშვილი და ვეტერინარული კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლები გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრების მიზანი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შეუფერხებელი განხორციელებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება იყო. შეხვედრებზე განიხილეს პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციისა და ჩიპირების პროცესის დაწყების ორგანიზაციული საკითხები, ასევე, პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისთვის აუცილებელი თანამშრომლობის მექანიზმები. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მეპატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრევენცია. ამ მიზნით, კარდაკარ პრინციპით განხორციელდება პატრონიანი ძაღლების იდენტიფიკაცია-ვაქცინაცია მიკროჩიპების გამოყენებით და მათი მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაცია.