„პატრიოტთა ალიანსის“ სია

ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულებით ირკვევა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ სიის სამ წევრს სიიდან ჩახსნის თაობაზე, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს. გაუქმებულ საარჩევნო სიაში არ არიან მეხუთე, მეშვიდე და მერვე ნომრები. „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეექვსე ნომერი, ნანა დევდარიანი არ გამორიცხავს, რომ პარტიის დამფინანსებლებმა ადგილმონაცვლეობის პრინციპით ისარგებლონ და პარლამენტში შევიდნენ.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, „პატრიოტთა ალიანსს“ ოთხი მანდატი აქვს მიღებული. პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით მიმართეს ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ. საკითხზე საკანონმდებლო ორგანო, სავარაუდოდ, ხვალ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს.

რაც შეეხება პარტიის მიერ მოპოვებულ მეოთხე მანდატს, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს სადეპუტატო უფლებამოსილებაზე უარის თქმას და პარლამენტში შესვლას გეგმავს.