„პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერი

„პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო ბანერი პოლიტიკური კრიტიკის მიზეზი გახდა. გონიოში განთავსებული პლაკატი დღეს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ჩამოხსნეს. სააგიტაციო მასალაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, წითლად გაფერადებული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც. ბანერს აქვს წარწერა „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“.  „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერს უარყოფითი შეფასებები მოჰყვა სოციალურ ქსელში. მმართველი გუნდიდან ირაკლი კობახიძემ პარტიას შმატრიოტები უწოდა. მამუკა მდინარაძემ კი საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ თავდაპირველად ბანერი ფეიკი ეგონა „ეს არის რუსეთის დაკვეთა საქართველოს წინააღდეგ“ –  აცხადებს მდინარაძე. პოლიტიკური პარტიის სხვა ანალოგიური ბანერები მუნიციპალიტეტის დავალებით ჩამოიხსნა. საკითხს ეხმაურებიან „პატრიოტთა ალიანსში“,  სადაც თურქეთის ეკონომიკურ ექსპანსიაზე ლაპარაკობენ.