„პატრიოტთა ალიანსის“ მეოთხე ნომერი პარლამენტში შედის

ოპოზიციისთვის განკუთვნილი 60 მანდატიდან მინიმუმ ერთი ათვისებული იქნება. „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერი პარლამენტში შესვლას აპირებს. საკანონმდებლო ორგანოში პარტიიდან მოხვედრილი ოთხი წევრიდან, ავთანდილ ენუქიძე ერთადერთია, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით პარლამენტისთვის არ მიუმართავს. როგორც განმარტებებიდან ირკვევა, ენუქიძისთვის ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენლებთან ერთად ბრძოლა მიუღებელია. ირმა ინაშვილი მის გადაწყვეტილებაში ჩარევას არ გეგმავს, თუმცა გამორიცხავს, რომ მან, გოჩა თევდრორაძემ და გიორგი ლომიამ თავდაპირველი პოზიცია შეცვალონ. დანარჩენ ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთი წევრის გეგმა საპარლამენტო სურათს მაინც ვერ შეცვლის. ახლა საინტერესოა, იქნება თუ არა ენუქიძე საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ერთადერთი წარმომადგენელი, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ოფიციალურად მანდატებზე უარი ორ პოლიტიკურ ძალას ჯერ არ უთქვამს.

დატოვე კომენტარი