ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახის წევრებს თანადგომას უცხადებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. „ლევან გაჩეჩილაძე მარადისობის მკვიდრი გახდა! მისი გული სამშობლოს სიყვარულით იყო განმსჭვალული. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ მოწოდებით პოლიტიკოსი არ იყო, ამ გზას დაადგა და თავისი ნიჭი, გონება და შესაძლებლობები ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას შეალია. მას ავადმყოფობის გამოც დიდი ბრძოლის გადატანა მოუწია, რამაც ღმერთთან დააახლოვა და მის წინაშე მაზიარებელ ქრისტიანად წარდგა. ვწუხვართ ბატონ ლევანთან განშორების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მრავალრიცხოვან გულშემატკივართ.“ – ნათქვამია ილია მეორის სამძიმრის წერილში.