პატრიარქის სამძიმარი ბათუმში დაღუპულთა ოჯახებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს: „დიდია მწუხარება, რომელიც ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა. გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაზარალებულთ, ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს. დღეს ყველა ამ ტკივილის თანაზიარია და შეძრულია მომხდარით. ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის. მათი სულების საოხად არაერთი პანაშვიდი იქნა გადახდილი. კვირას, წირვის შემდეგაც, აღევლინება ლოცვა, მათ შორის, სამების საკათედრო ტაძარში. შევთხოვ ღმერთს, მოგვცეს გამძლეობა, მოგვანიჭოს თვისი წყალობა და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი“,- აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი.