პატრიარქის საიუბილეო ღონისძიება საპატრიარქოში

საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის იუბილე აღინიშნა.

ღონისძიების კადრები ტელეკომპანია „ერთსულოვნებამ“ გადაიღო და მოგვიანებით რეპორტაჟი თავად საპატრიარქომ გაავრცელა. ილია მეორეს 92 წლის იუბილე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მიულოცეს. განცხადება გაავრცელა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა, სადაც ილია მეორეს ღვაწლზეა საუბარი. შეგახსენებთ, მრავალწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში უწმინდესის და უნეტარესის სახელს უკავშირდება არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მათ შორის ეკლესია-მონასტრების აღდგენა და აშენება, ეპარქიების და მრევლის ზრდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ილია მეორე ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იდგა სტუდენტების გვერდით 1978 წელს, იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს. აღსანიშნავია მისი შემოქმედება ხატწერასა და მუსიკაში. ასევე მისი წვლილი დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრაში, რისთვისაც საყოველთაო ნათლობა დააწესა.
საპატრიარქოში, პატრიარქის დაბადების დღის აღსანიშნად, ღონისძიება გაიმართა. ილია მეორემ მილოცვა წმინდა სინოდის, სასულიერო პირების, პროფესორების, ექიმების, ხელოვნებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან მიიღო. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, შემდეგ კი ანსამბლ „ალილოს“ წევრებმა სიმღერები შეასრულეს.