საზეიმო წირვა, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოსთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. ლიტურგიის მიმდინარეობისას წაიკითეს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე, რომელიც ტრადიციულად საზოგადოებრივი და სულიერი შინაარსის გზავნილია. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც უწმინდესმა და უნეტარესმა ყურადღება გაამახვილა მშვიდობა იყო. პატრიარქი ეპისტოლეში წერს, რომ დაპირისპირება, არასტაბილურობა და ომები მსოფლიოს რეალობად იქცა და მშვიდობის მსურველთა რაოდენობის მიუხედავად, შედეგის მიღწევა რთულია. როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, არსებულმა ვითარებამ ყველა უფრო მეტად უნდა დააფიქროს სიცოცხლის არსზე და მარადიულ ღირებულებებზე. პატრიარქი ქადაგებს, რომ ადამიანი მარადიულობასთან სიახლოვისკენ უნდა ისწრაფვოდეს, ეს კი ეკლესიის საშუალებით მიიღწევა.