პატრიარქი UNESCO-ს წარმომადგენლებს შეხვდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა UNESCO-სა და მისი მრჩეველი ორგანოების: იკომოსისა და იკრომის ექსპერტთა დელეგაცია მიიღო. შეხვედრის მთავარ თემა გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო პროცესი იყო. მონაწილეებმა განიხილეს ძეგლზე ჩატარებული და დაგეგმილი სამუშაოები, გაცვალეს პროფესიული მოსაზრებები და სამონასტრო კომპლექსის პირვანდელი სახით შენარჩუნების მიზნით, შემდგომი თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს. როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უცხოელმა სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ მათ რეკომენდაციებს გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი ზედმიწევნით ასრულებს და მადლობა გადაუხადეს საქართველოს ეკლესიის მეთაურს გელათის რეაბილიტაციის სწორი ხელმძღვანელობისა და აქტიური ჩართულობისთვის. შეხვედრის დასასრულს საქართველოს პატრიარქმა სტუმრებს საჩუქრად გადასცა საიუბილეო ჯვრები, რომლებიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად შეიქმნა.