პატივის მიგება კამანის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულებს

32 წლის წინ კამანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას, დღეს გმირთა მოედანზე პატივი მიაგეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მემორიალი გვირგვინით შეამკო. თბილისის ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარმა კი დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

1993 წლის 5 ივლისს აფხაზეთის რაზმებმა, რომელთა შემადგენლობაშიც რუსი „ბოევიკები“ და კაზაკები შედიოდნენ, სოფელ კამანზე შეტევა განახორციელეს. მიუხედავად ადგილობრივი მცველების გმირული წინააღმდეგობისა, სოფლის დაცვა ვერ მოხერხდა და მტერმა სოფელი მთლიანად დაიკავა. სოფლის დაკავებას მალევე მოჰყვა სამოქალაქო მოსახლეობის მასობრივი წამება და ხოცვა-ჟლეტა.