პატიმრის გარდაცვალების საქმე 

ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები პატიმრის გარდაცვალების საქმეზე.

ქვეყნდება კადრები, რომლებიც კლინიკაში გადაყვანამდე გლდანის ციხეში იოსებ გორგაძის ყოფნის ბოლო საათებს ასახავს. ვიდეო მასალა არასრულია და დროის სხვადასხვა მონაკვეთს აღწერს. სწორედ მითითებულ კადრებზე დაყრდნობით იუსტიციის სამინისტრო 46 წლის მსჯავრდებულის ცემას და მასზე ფიზიკურ ძალადობას გამორიცხავს და ამტკიცებს, რომ მრავლობითი დაზიანებები პატიმარმა წაქცევის შედეგად მიიღო. უწყება სახის არეში მხოლოდ ერთ დაზიანებას ადასტურებს და მიზეზად სასწრაფო დახმარების მანქანაში მიღებულ ტრავმას ასახელებს. დამოუკიდებელი ექსპერტიზის საფუძველზე მსჯავრდებულის სასტიკ ცემაში დარწმუნებულია ოჯახი. რა ვითარებაში მიიღო გორგაძემ მრავლობითი და მძიმე დაზიანებები, რაც სამთვიანი მკურნალობის მიუხედავად, გარდაცვალების მიზეზი გახდა – განმარტებებს აკეთებს კლინიკაც, სადაც პატიმარი 23 იანვრის შემდეგ იმყოფებოდა.