პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

28 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტი გამოძიების საგანი ხდება.

მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირის შეწყალების ფაქტებზე ძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით დაიწყო. არ არის გამორიცხული, რომ დაკითხვაზე მოუხდეს მისვლა თავად პრეზიდენტს, რომლის ბოლო გადაწყვეტილებამ მწვავე პროტესტი გამოიწვია. გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს ოპოზიციონერი დეპუტატი ირმა ნადირაშვილი. სწორედ მან გაავრცელა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია, სადაც შეწყალებების პროცესში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის შესაძლო კორუფციულ ინტერესებზე მიუთითებდა. ოპოზიციასთან ერთად ძიების შედეგებს ელოდება მმართველი გუნდიც, რომლისთვისაც როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილის ორი დღის წინანდელი განმარტებები არასაკმარისია.

იცნობდა თუ არა სახელმწიფოს მეთაური შეწყალებულთა გახმაურებულ საქმეებს, – ამ კითხვაზე შეწყალებულთა და დაზარალებულთა გარემოცვა ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს.