პატარკაციშვილის საქმეზე ბრალდებულები დაიკითხნენ

18:16, 21.08.2019

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე საქალაქო სასამართლოში ბრალდებულები დაიკითხნენ. მათი განცხადებით, აუდიოჩანაწერში საკუთარ ხმებს ვერ ცნობენ. მათივე თქმით, არცერთი მაღალჩინოსნისგან ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებით დავალება არ მიუღიათ.

კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს – ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადება.

გამოძიება ამბობს, რომ კუდ-ის სამი ყოფილი მაღალჩინოსანი პატარკაციშვილის მკვლელობის გეგმას, ბიზნესმენის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე განიხილავდა.

ბრალდების ერთ-ერთი მტკიცებულებაა აუდიოჩანაწერი, რომელიც პროკურატურის ცნობით, 2007 წლის თებერვალში მოდულის შენობაში ერთ-ერთ თათბირს ასახავს. გამოძიების ცნობით, ამ თათბირზე საუბარია ბიზნესმენის ლიკვიდაციის გეგმის შეთანხმებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ კუდ-ის მაშინდელი მაღალჩინოსნები – გია დგებუაძე, იგივე „მასტერა“, ლევან ქარდავა, გიორგი შიუკაშვილი და გიორგი მერებაშვილი.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, ეს ჩანაწერი ავთენტურია და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომაც დაადასტურა.

მსგავსი