პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე

ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდა დღეს სასამართლოში, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის განხილვა.

სხდომაზე დაცვის პოლიციის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი დაიკითხა, რომელიც პატარკაციშვილის რამდენიმე ობიექტზეც ახორციელებდა მეთვალყურეობას. მოწმე  ბესიკ ნადირაძის განცხადებით, 2007 წელს, პატარკაციშვილის ობიექტებზე დასაქმებული დაცვის სამსახურის თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მას დაუკავშირდა პირი, რომელიც გაეცნო, როგორც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსანი,  რეზო შარიქაძე. მისივე თქმით, შემდეგ გაირკვა, რომ ეს ადამიანი იყო გვარად შიუკაშვილი. მისივე თქმით, ამ პირს აინტერესებდა დასაცავ ობიექტებში არსებული სიტუაცია და დაცვის თანამშრომლების კომპეტენცია.

ბრალდებულ რევაზ შიუკაშვილის ადვოკატის განცხადებით, მოწმის ჩვენებით, შიუკაშვილის მხრიდან რაიმე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა არ დგინდება. პროკურორი კი ამტკიცებს, რომ კუდ-ის ყოფილი წევრები განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაცვის სამსახურის წევრებზე და პატარკაციშვილის გადაადგილებაზე ინფორმაციის მიღებას ცდილობდნენ.

განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდება, წარდგენილი აქვთ კუდ-ის ყოფილ ჩინოსნებს: გიორგი მერებაშვილს, რევაზ შიუკაშვილს და ლევან ქარდავას.

ბრალს არცერთი აღიარებს.