პარტიებთან ასოცირებული არასამთავრობოების დაფინანსება

არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ოპოზიციურ პარტიების დაფინანსების უკანონო გზებზე საუბრობს და აუდიტის სამსახურს საკითხის შესწავლას სთხოვს. დავით ჩიხელიძის განმარტებით, ოპოზიციური პარტიები არასამთავრობო ორგანიზაციებს სწორედ იმიტომ ქმნიან, რომ კანონმდებლობის გვერდის ავლით, როგორც ქვეყნის შიგნიდან ისე უცხოეთიდან დაფინანსება მიიღონ. ორგანიზაცია ამ სქემით მოქმედი პარტიების სიასაც აქვეყნებს, სადაც  „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ევროპული საქართველო“, „დროა“ და სხვა პარტიებია ნახსენები. ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ ადრესატები. ოპოზიციის წარმომადგენლები დაფინანსების საკითხის გააქტიურებას, წინასაარჩევნოდ ხელისუფლების რეპრესიულ პოლიტიკად აფასებენ. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ უცხოეთიდან პარტიების დაფინანსება კანონით იკრძალება, მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში კი, რეაგირება აუცილებელია.