უთანხმოების ახალი თემა ოპოზიციურ სპექტრში.
მწვავე ურთიერთბრალდებების მიზეზი ხდება ბარიერგადალახული ოპოზიციური სუბიექტების გადაწყვეტილება. პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადების და მანდატებზე უარის მიუხედავად, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და გიორგი გახარიას პარტია თანახმა არიან, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მიიღონ. გამონაკლისი მხოლოდ მელია-გვარამია-გირჩი-ჯაფარიძის ალიანსი აღმოჩნდა, რომელმაც ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებზე უარი თქვა. სახელმწიფო დაფინანსება ყველა იმ პოლიტიკურ სუბიექტზე გაიცემა, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს. თანხის ოდენობა კი არჩევნებში მოპოვებული ხმების რაოდენობით განისაზღვრება. უპასუხისმგებლო ნაბიჯი, არათანმიმდევრულობა, საერთო გეგმის და სტრატეგიის დაზიანება – კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერები დანარჩენ ოპოზიციას მწვავედ აკრიტიკებენ. კრიტიკას კონტრბრალდებებით პასუხობენ ადრესატები. ხელისუფლებისთვის დაფინანსების მიღებაზე თანხმობა არჩევნების შედეგების აღიარებაა იმ ოპოზიციისგან, რომლებიც პარლამენტის ლეგიტიმაციას ამ დრომდე არ ცნობენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.