პარტიების ნაწილი დეკლარაციის შევსებას არ აპირებს
ოპოზიციური პარტიები ანტიკორუფციულ ბიუროში ქონებრივი დეკლარაციების შევსების საკითხს ეხმაურებიან. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პარლამენტის წევრის სტატუსით დეკლარაციების შევსებაზე უარს აცხადებენ. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, ისინი მზად არიან, საჯარო გახადონ მათი დეკლარაციები სხვა ფორმატში, თუმცა არა პარლამენტის წევრის სტატუსით, ვინაიდან ისინი თავს პარლამენტის წევრებად არ მიიჩნევენ.
დეკლარაციების შევსებაზე უარს აცხადებენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლებიც. „ძლიერ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება მათ არა პარლამენტის, არამედ ქართველი ხალხისა და მათი ამომრჩევლის წინაშე აქვთ. მათი თქმით, ანტიკორუფციულმა ბიურომ „ქართული ოცნების“ წევრების ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნება შეწყვიტა. ისინი მოითხოვენ, სასწრაფოდ გამოქვეყნდეს აღნიშნული დეკლარაციები შესაბამის პლატფორმებზე. ბრალდებებს „ქართულ ოცნებაში“ აბსურდულს უწოდებენ.