პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის ინიციატივა - შეფასებები

„ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა კანონპროექტი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ეხება.

კანონპროექტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი – მათ შორის პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს. აღნიშნული შეფასებების საგანი გახდა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ინიციატივა მიზნად ისახავს ოპოზიციური აზრის და იმ პარტიების გაქრობას, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ არ მოსწონთ. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გზით ისეთი პარტიები აიკრძალება, რომლებიც მავნებლურ საქმიანობას ეწევიან. მათი განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საჭიროება, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა და სწორედ საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს. გადაწყვეტილებას კი საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს.