პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური პოზიციები საკონსტიტუციო სარჩელზე
ანტიკონსტიტუციური და დაუსაბუთებელი – ასე აფასებს ასაკრძალი პარტიების სიის სათავეში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა,“ მმართველი გუნდის საკონსტიტუციო სარჩელს. ყოფილი სახელისუფლებო პარტია, პარალელურად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართავს სარჩელი წარმოებაში არ მიიღონ. კიდევ ერთი მოთხოვნა იმ სასამართლოსადმი, რომელიც საქმეზე განხილვის დაწყების შემთხვევაში, პარტიისთვის გაუქმებულად ჩაითვლება, გამწესრიგებელი სხდომის ზეპირი მოსმენის ფორმატში ჩატარებაა. „ნაციონალური მოძრაობა“ არალეგიტიმურად აცხადებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნასაც და ხაზარაძე, გვარამიას პარტიებთან ერთად სარჩელის ავტორებს დემოკრატიის გაუქმებაში ადანაშაულებს. სასამართლოსადმი წაყენებულ მოთხოვნებს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ჩვეულ პრაქტიკად აცხადებს მმართველი გუნდი. რაც შეეხება სარჩელის დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებულ ბრალდებას, მოქმედი ხელისუფლება ყოფილს ჩადენილ დანაშაულებს და იმ ათობით დაზარალებულის ჩვენებებს ახსენებს, რომლებიც საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველი გახდა.