საპარლამენტო მანდატები ოპოზიციაში კვლავ ურთიერთბრალდებების თემაა. ეს კი იმ ფონზე, რომ ნაწილი ერთიანობის აუცილებლობასა და ერთიან სტრატეგიაზე საუბრობს. მაშინ, როდესაც სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრს, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა, მანდატებს ჯერ ისევ ინარჩუნებს გიორგი გახარიას პარტიის 12 წევრი. გაუქმების მოთხოვნით მათ პარლამენტისთვის ამ დრომდე არ მიუმართავთ. ამის გამო, გახარიას პარტიას სხვა ოპოზიციური პარტიები ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ისინი „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობენ.
თემას ეხმაურებიან მმართველ გუნდშიც, სადაც აცხადებენ, რომ როგორც კი გიორგი გახარიას გუნდი მანდატების დათმობის თაობაზე შეიტანს განცხადებას, ეს მოთხოვნა მათ მყისიერად დაუკმაყოფილდებათ.