პარლამენტში ინიცირებული პროექტები

„სახელმწიფო პენსიისა“და „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონებში ცვლილებებია მოსალოდნელი.  ორშაბათს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაგეგმილია ცვლილებების ინიცირება, რომლის მიხედვით, 2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული პენსია, ასევე საარსებო შემწეობა და სოციალური პაკეტი, ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება. ცვლილება ეხება პენსიონერებს, რომლებიც სამსახურის დაწყების ან სხვა მიზეზის არსებობის შემთხვევაში, პენსიით სარგებლობას მაინც განაგრძობნდნენ. ასევე, ეხებათ საარსებო შემწეობის მიმღებ იმ ოჯახებს, რომელთაც  სოციალური მომსახურების სააგენტოს არ აცნობეს  საცხოვრებელი ადგილის შეცვლის, ოჯახში მომხდარი დემოგრაფიული ცვლილებისა თუ სხვა მიზეზების შესახებ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული ცვლილების მიხედვით, მიმდინარე  წლის 20 ივლისამდე არსებული მსგავსი დარღვევის შემთხვევაში, ბენეფიციარებს თანხის უკან დაბრუნება არ მოუწევთ, ასევე შეწყდება მიმდინარე ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოება. კანონპროექტს აფასებს ოპოზიციაც.