პარლამენტმა პრეზიდენტის მორიგი ვეტო დაძლია

პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტო დაძლეულია.

ცხარე პოლიტიკური დებატების და ოპონენტების მოწოდების მიუხედავად, ცესკო-ს სადავო კანონპროექტზე სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები მმართველმა გუნდმა არ გაიზიარა. საპარლამენტო უმრავლესობისთვის პრეზიდენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის კი „ქართული ოცნების“ არგუმენტები გაუგებარია.

ვეტოდაძლეული ახალი კანონის ამოქმედება ნიშნავს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევის პროცესს პრეზიდენტი პრაქტიკულად ეთიშება. კონკურსს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს და სწორედ ის წარუდგენს პარლამენტს კანდიდატებს, საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ხუთი წლით ასარჩევად კი 100 ხმის ნაცვლად უკვე უბრალო უმრავლესობის, ანუ 76 ხმაც იქნება საკმარისი. თავის დროზე მიშელის შეთანხმების ფარგლებში მიღებული კანონის შეცვლის მიზეზად „ქართული ოცნება“ ცესკო-ში ხელოვნური კრიზისის პრევენციას და ევროპული ქვეყნების პრაქტიკას ასახელებს. იმის გამო, რომ თავის დროზე 100 ხმის მოგროვება ვერ მოხერხდა, ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე უკვე მესამედ ექვსთვიანი ვადითაა არჩეული.