პარლამენტმა გენერალური პროკურორი დაამტკიცა

ყოფილი მთავარი პროკურორი, ახალი გენერალური პროკურორია.

წელიწადნახევრის წინ აქციების ფონზე გადამდგარი ირაკლი შოთაძე ძველ თანამდებობაზე დაბრუნდა. საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი პრიორიტეტად პროკურატურის მიმართ ნდობის გაზრდას და საქმეების დროულად გამოძიებას ასახელებს და მიუკერძოებლობის პირობას დებს.

დამტკიცების პროცესმა ოპოზიციის პროტესტის, დამოუკიდებელი დეპუტატების ერთი ნაწილის ბოიკოტის, აქციის და სირცხვილის დერეფნის ფონზე ჩაიარა. ოპონენტები გენერალური პროკურორის ასარჩევად გამოცხადებულ პროცესს ფარსად აცხადებენ და შოთაძის ხელახალი არჩევის მიღმა მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებს ხედავენ.