პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩია

მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს დიდი ალბათობით ექვსი თვით არჩეული ცესკო-ს თავმჯდომარე ჩაატარებს.

გიორგი სანტურიანის და გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურები პარლამენტმა უკვე მესამედ ჩააგდო. ეს ნიშნავს, რომ საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული და პრეზიდენტის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოსთვის წარდგენილ კანდიდატებს მეოთხე და ბოლო კენჭისყრის დროს არა 100 ან 90 ხმით, არამედ 76 ხმით უყრიან კენჭს. იმ არგუმენტით, რომ სანტურიანი და კალანდარიშვილი ცესკო-ს მოქმედი თანამშრომლები არიან, ოპოზიცია არცერთ მათგანს არ ენდობა. მიშელის შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების აზრით, თამარ ჟვანიას შემცვლელის კანდიდატურა პოლიტიკური კონსენსუსით უნდა შეერჩიათ. ოპონენტების პოზიცია მიუღებელია „ქართული ოცნებისთვის“, რომელიც დარწმუნებულია, რომ მისი ოპონენტები არჩევნების დისკრედიტაციისთვის ემზადებიან.