პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა უკვე აღმართულია

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა კვლავ აღმართულია.

საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებს ამის გაკეთებაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაეხმარნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს. საქართველოს პარლამენტის კუთვნილი ევროკავშირის დროშა უკვე მეორედ დღეს რადიკალური „კონსერვატიული მოძრაობის“ აქციის მონაწილეებმა ჯერ ჩამოხსნეს, შემდეგ კი დაწვეს. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, მსვლელობით სააკაძის მოედნიდან მივიდნენ. მათ სამი მოთხოვნა გააჟღერეს: გათავისუფლდნენ 5 ივლისის მოვლენების დროს დაკავებული და მსჯავრდებული პირები, დაისაჯონ პირები, რომლებმაც 7-8 მარტის აქციებზე პოლიციელებზე იძალადეს და „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე ჩატარდეს რეფერენდუმი. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მსვლელობის დროს სხვადასხვა საგნები ისროლეს აივნის მიმართულებით, რომელზეც გადმოფენილი იყო უკრაინის დროშა.