პარლამენტის თავმჯდომარის წერილი - გამოხმაურებები

უკრაინის ომის 4 წლისთავთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი წერს: „დღეს ოთხი წელი შესრულდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან. ამ ომმა თავისი ხანგრძლივობით უკვე გადაასწრო დიდ სამამულო ომს, ხოლო ნგრევითა და ადამიანური ტკივილით არაფრით განსხვავდება მისგან. ფრონტის ხაზი ისევ იქაა, სადაც 80 წლის წინ და საქართველოც ისევე განიცდის მის სიმძიმეს, როგორც მაშინ, გასული საუკუნის 40-იან წლებში. მართლაც, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს ამბობს, ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო. თუმცა, ჩვენ დღესაც ვხედავთ ძალებს, რომელთაც ამ ომის გაგრძელება სჭირდებათ და აწყობთ. ეს ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა აუცილებლად უნდა დაეფუძნოს სუვერენიტეტისა და ეროვნული თვითმყოფადობის პატივისცემის პრინციპს. საქართველოს ომის დაწყების პირველივე დღიდან, ჰქონდა სწორედ ეს ხედვა და ეს სულისკვეთება. ჩვენ ურთულეს გარემოში ვატარებდით მშვიდობის პოლიტიკას, როდესაც ომის მოსურნეები, გარედან წნეხით და შიგნიდან ციხის გატეხით, ცდილობდნენ ომის ცეცხლის რკალში საქართველოს ჩაბმას. თუმცა, ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესები მტკიცედ დავიცავით ოთხი წლის წინაც და მტკიცედ ვიცავთ დღესაც“ – წერს შალვა პაპუაშვილი.