პარლამენტის თავმჯდომარის წერილი
პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ჩარლი კირკის მკვლელობას და დაწერა, რომ ტრაგედიამ, რომელიც ამერიკაში დატრიალდა, შეძრა საზოგადოება მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებსაც კონსერვატორი სპიკერის, ჩარლი კირკის შესახებ აქამდე არც სმენოდათ. „ამ მკვლელობამ კიდევ ერთხელ, ნათლად დაგვანახა მთავარი ტრაგედია – ზიზღის, სიძულვილის, შუღლის მთესველი იდეოლოგები და აგიტატორები, რომლებიც ფაშისტური ვნებით ამრუდებენ საჯარო სივრცეს, გონებას უბინდავენ მოწყვლად ადამიანებს, აქცევენ მათ დეჰუმანიზებულ არსებებად. ლიბერალურმა ფაშიზმმა შეძლო და მსგავსი დაჯგუფებები საქართველოშიც გააჩინა, ყოველდღიურად ზიზღის და სიძულვილის გარემოს მკვებავები. მათ ქსელურ მოქმედებას ყოველდღიურად ვხედავთ“. – წერს შალვა პაპუაშვილი და ხაზს უსვამს, რომ ასეთი გარემო წამლავს ყოველდღიურობას და ჩვენს მომავალს. იმისთვის რომ გავუმკლავდეთ ამ საზარელ სენს, საჭიროა მეტი სიფხიზლე და მეტი სიკეთე, რომელიც აუცილებლად სძლევს ბოროტს. ჩვენს ისტორიაში არაერთი შუღლი და შიდა დაპირისპირება გადაგვიტანია. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურის გამოცდილებაა იმის ცოდნა, რომ ბოროტება არ იკურნება ზიზღით, სიძულვილით, გილიოტინით და მოკვეთით. იკურნება სიკეთით და სიყვარულით. ეს არის ჩვენი კულტურის ფესვი, რომელსაც უცხო, თავსმოხვეული მეთოდებით ვერ აღმოფხვრიან“. – წერს შალვა პაპუაშვილი.